პოლიტიკური კრიზისი

თამარ კორძაიას დეპუტატის მანდატის შეწყვეტის სარჩელი უკან გააქვს

ტაბულა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა. ამის შესახებ კორძაიამ სარჩელის განხილვის  სხდომაზე ისაუბრა. 

"ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უნდა ვთქვა უარი სარჩელზე. მოგეხსენებათ, რომ ყველამ კარგად ვიცით, გარკვეული მოქმედებები უნდა განვახორციელოთ ვადებში. ინდივიდუალური დადგენილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 16 თებერვალს და წინა დღეს შემოვიტანე სარჩელი. უკვე 22 თებერვალს მოხდა პოლიტიკური ლიდერის დაკავება, შემდგომ ამან გამოიწვია სერიოზული პოლიტიკური რყევები და მათ შორის, ამას მოჰყვა მოლაპარაკებები. ამ პროცესის მონაწილე ვიყავი. 

19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა გამოვხატეთ პოლიტიკური ნება და თქვა, რომ თუ შესაძლებელი იქნება, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ გავაგრძელებთ პარლამენტში. ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება. მე 31 მაისს ამ შეთანხმებას მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ მე უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშავო, როგორც პარლამენტის წევრმა. ეს გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და, ვფიქრობ, ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით, მავალდებულებს ვიმუშავო პარლამენტში".  – თქვა მან. 

31 მაისს თამარ კორძაიამ ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა  რესპუბლიკური პარტია დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევიდა.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.  

მანდატების გაუქმების მოთხოვნის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერს  ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

კომენტარები