პარლმანეტი

"გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ" – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბარი უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას მიიღებს ისეთი საკითხების გარჩევაში, რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

"ვაპირებ კონკრეტული საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, იმ საკითხებში მონაწილეობა მივიღო. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა, დიდი პატივისცემით, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ". – ამბობს ნიკა მელია.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ. განხილვას ესწრებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, თუმცა არ ესწრება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევიდა თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ თქვა


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების ნაწილია, თუმცა ენმ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებდა. 

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას თანხმობით ევროკავშირის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ფონდმა, EED-მ გირაო გადაიხადა, ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა და თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციები უნდა გაემართათ.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 27.18% აიღო, რაც 523 127 მოქალაქის ხმაა. პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა. 

კომენტარები