ბელარუსი

ლუკაშენკო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ამკაცრებს

ალექსანდრ ლუკაშენკო
ფოტო: reuters.com

სამშაბათს, 8 ივნისს ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ზომებს ამკაცრებს.

ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, ყველას, ვისაც ორ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის ბრალს წაუყენებენ, შეიძლება სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ. გარდა ამისა, "ექსტრემიზმი" ან მისი წახალისება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ექსტრემიზმის დაფინანსება კი მინიმუმ 5-წლიანი პატიმრობით დაისჯება. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის ფარგლებში რთულია განსაზღვრა, რა შეიძლება მიიჩნიონ ექსტრემისტულ საქმიანობად.

გარდა ამისა, პოლიციაზე ძალადობა ან პოლიციისთვის ძალადობის საფრთხის შექმნა შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ბოლო პერიოდში ეს ბრალდებები წაუყენეს ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული აქციების რამდენიმე მონაწილეს.

ახალი კანონმდებლობით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდა პოლიციელების და მათი ოჯახების პირადი მონაცემების გასაჯაროება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციებზე პოლიციის ძალადობაზე საპასუხოდ ოპოზიციური მოძრაობა სისტემატურად აქვეყნებდა ბელარუსი პოლიციელების, განსაკუთრებით სპეციალური დანიშნულების რაზმის OMON-ის წევრების პირად ინფორმაციას.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები