რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსის სამთავრობო არხთან ინტერვიუში რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს

რამან პრატასევიჩი

დაკავებულმა ბელარუსმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა რომან პროტასევიჩმა ბელარუსის სამთავრობო არხის ОНТ-ს ეთერში თქვა, რომ აღიარა ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულსა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზებაში.

"მე ამას ღიად ვაღიარებ, რომ ვიყავი ერთ-ერთი იმ სამი ადამიანიდან, რომლებმაც გამოაქვეყნეს მოწოდებები 9 რიცხვში (9 აგვისტო) ქუჩაში გამოსვლის შესახებ. როგორც კი წარმომიდგინეს დოკუმენტები, წამიყენეს ბრალდება, მაშინვე ვაღიარე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით, ეს არის მასობრივი არასანქცირებული აქციების ორგანიზება. არ მახსოვს დეტალურად, როგორ არის. მე ნამდვილად მთლიანად ვაღიარე ბრალი ამ მუხლით. შემდგომშიც ვაცნობიერებდი, რომ მოწოდებებმა, რომლებსაც მათ შორის მეც ვაქვეყნებდი, მოიტანა ის შედეგი, რომ ქუჩაში დაიწყო არაკონტროლირებადი არეულობები. არსებითად სამი დღის განმავლობაში მინსკი იყო ქაოსში." - ამბობს პროტასევიჩი.

სამთავრობო არხის მიერ ინტერვიუს ანონსის გავრცელების შემდეგ, სანამ ინტერვიუ ეთერში გავიდოდა, ბელარუსის უფლებადამცველთა ჯგუფის, Viasna-ს თქმით,  ყველაფერი, რასაც პროტასევიჩი ამბობს, ზეწოლის ქვეშ იქნება ნათქვამი.

"ყველაფერი რასაც პროტასევიჩი იტყვის, ზეწოლის ქვეშ იქნება ნათქვამი, სულ მცირე – ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ." – თქვა Viasna-ს ხელმძღვანელმა ალეს ბიალიატსკიმ.

ბიალიატსკის თქმით, ბელარუსი უშიშროების ძალები აიძულებდნენ პროტასევიჩს ამის თქმას.

"ყველაფერი, რასაც ახლა ამბობს, წმინდა პროპაგანდაა, რასაც არანაირი ნამდვილი საფუძველი არა აქვს". – აღნიშნავს ბიალიატსკი.


ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვითაა  დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პროტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რომან პროტასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პროტასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პროტასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პროტასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები