ბელარუსი

მინსკში პოლიტპატიმარმა სასამართლო სხდომაზე სისტემა ამხილა და ყელში კალამი ჩაირჭო

kp.by

მინსკში აქციების დროს დაკავებულმა პოლიტპატიმარმა, სტეპან ლატიპოვმა სასამართლო პროცესის დროს ყელის გამოჭრა სცადა

რუსული ოპოზიციური გამოცემა Meduza რადიო თავისუფლების ბელარუსის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ლატიპოვმა მსჯავრდებულებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილას სკამზე შემოდგა და კალამი ყელში ჩაირჭო. გამოცემა Наша нива-ს ცნობით, ლატიპოვმა ყელის შემდეგ მაჯების დასერვაც სცადა. სამართალდამცველებმა სწრაფად ვერ შეძლეს ე.წ გალიის კარის გაღება, რადგან მათ გასაღები თან არ ჰქონდათ. ლატიპოვი სასამართლოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ის ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს. 

"ორგანიზებული დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი საბჭო [ГУБОПиК] დამპირდა, რომ თუ დანაშაულს არ ვაღიარებ, ჩემი ახლობლებისა და მეზობლების მიმართ სისხლის სამართლებრივ საქმეებს აღძრავენ". – თქვა ლატიპოვმა სუიციდის მცდელობამდე. 

Наша нива-ს ინფორმაციით, ლატიპოვმა ასევე თქვა, რომ ГУБОПиК-ი მას დაპირდა, რომ მისთვის სპეციალურ საწამებელ საკანს მოამზადებენ, მოგვიანებით კი იმავეს გააკეთებენ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც, თუკი ის აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა. 

სტეპან ლატიპოვი 2020 წლის სექტემბერში დააკავეს, როდესაც ის თავის მეზობლებთან ერთად ცდილობდა, ხელი შეეშალა სამართალდამცველებისთვის, რომლებიც კედელზე რამდენიმე DJ-ის გრაფიკის გადაღებვას ცდილობდნენ. მუსიკოსებმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სახელისუფლებო მიტინგზე რუსული ბენდის, Kino-ს საპროტესტო სიმღერა, Перемен ჩართეს. 

ლატიპოვი პროფესიით ხეების მკურნალია. მისი დაკავებიდან ცოტა ხანში ბელარუსულ სახელისუფლებო ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ლატიპოვი აორგანიზებდა ბელარუსში საშიში ქიმიკატების გავრცელებას, რითიც ის სამართალდამცველების დაწამვლას ცდილობდა. ქიმიკოსებმა ამ სიუჟეტსა და გავრცელებულ ვერსიას "სრული ქიმიური უცოდინრობა" უწოდებს. 

2021 წლის აპრილში, ლატიპოვის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, ბელარუსის საგამოძიებო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ მას ბრალად ედება ხულიგნობა, სამართალდამცველებისადმი წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედების ორგანიზება. განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ქიმიკატებით სამართალდამცველების მოწამვლის მცდელობის ვერსია. ბელარუსმა უფლებადამცველებმა ლატიპოვი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. 

კომენტარები