ინფლაცია

მსოფლიოში სურსათის ფასები იზრდება და 10-წლიან რეკორდულ ნიშნულს აღწევს – გაერო

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [FAO] მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით სურსათის ფასები რეკორდულად იზრდება და 2021 წელს საერთო მაჩვენებელმა 10-წლიანი ანტირეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, 2021 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები 4.8%-ით გაიზარდა. გასულ წელის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით კი, საშუალოდ, ფასები 39.7%-ითაა გაზრდილი. 

საერთო ჯამში, ფასების ზრდამ 2011 წლის სექტემბრის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. 

ექსპერტების განმარტებით, ფასების ზრდა COVID-19 პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდება, კერძოდ, შრომის, წარმოებისა და ტრანსპორტირების შეფერხებას. 

გარდა ამისა, მოთხოვნის ზრდის ფონზე დაბალი წარმოება და პროდუქტიულობის შემცირება ხელს უწყობს ინფლაციის დონის ზრდას, რაც როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე საქართველოშიც შესამჩნევია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა,რაც იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ინფლაციის დონის ზრდა საქონლისა და მომსახურების გაძვირებასა და ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლებას ნიშნავს.


საქართველოში ფასები მომატებულია სურსათის შემდეგ ქვეჯგუფებში: 

  • ზეთი და ცხიმი – 42.7%
  • შაქარი, ჯემი და ტკბილეული – 13.7%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 8.0%
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 8.0%
  • თევზეული – 7.6%
  • უალკოჰოლო სასმელები  – 7.2%
  • ხორცი – 6.0%
  • პური – 5.8%

კომენტარები