აშშ ტაივანს COVID-19-ის ვაქცინის 750 000 დოზას გადასცემს

აშშ-ს სენატორები ტამი დაქვორის, დენ სალივანი და კრის კუნზი ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტ ჯოზეფ ვუსთან ერთად
Reuters

აშშ ტაივანს Covid-19-ის ვაქცინის 750 000 დოზას გადასცემს, რაც ნაწილია აშშ-ს ინიციატივისა, გაუზიაროს ვაქცინები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ამის შესახებ სენატორმა ტამი დაქვორსმა ისაუბრა.

ბოლო პერიოდში ტაივანში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა. ქვეყანაში ვაქცინების ნაკლებობაა. 23.5-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია აცრილი, რომელთა უმეტესობასაც ჯერ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებული.

აშშ-ს დახმარების შესახებ სენატორმა ტაივანში ვიზიტის დროს ისაუბრა. დელეგაციის წევრები იყვნენ ასევე სენატორები - დენ სალივანი და ქრისტოფერ ონსი.

"აშშ-სთვის კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ტაივანი იქნებოდა ქვეყნების პირველ ჯგუფში, რომლებიც ვაქცინებს მიიღებდნენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თქვენ [ვაქცინების] გადაუდებელი საჭიროება გაქვთ და ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას". – თქვა დაქვორსმა პრესკონფერენციაზე.

სენატორს არ უთქვამს, ზუსტად როდის მიიღებდა ტაივანი ვაქცინებს და რომელ ვაქცინას.

ტაივანი ვაქცინებზე წვდომის შეზღუდვაში ჩინეთს ადანაშაულებს. ჩინეთი ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს. პეკინი ტაივანის ბრალდებებს უარყოფს. ჩინეთმა ტაივანს ჩინური წარმოების ვაქცინები შესთავაზა, თუმცა ტაიპეი უარს ამბობს ვაქცინების მიღებაზე და ამბობს, რომ მათ უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარება. გარდა ამისა, კანონმდებლობის შეცვლის გარეშე ქვეყანა ჩინურ ვაქცინებს ვერ შემოიტანს, ვინაიდან ტაივანის კანონმდებლობა ჩინეთიდან იმპორტს კრძალავს.

სენატორები ასევე შეხვდნენ ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგვენს, რომლის თანახმადაც, აშშ-ს მიერ გადაცემული ვაქცინები იაპონიისგან მიღებულ ვაქცინებთან ერთად მნიშვნელოვნად დაეხმარება ტაივანს კორონავირუსთან გამკლავებაში. პარასკევს, 4 ივლისს იაპონიამ ტაივანს 1.24 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა გადასცა. 

17 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაგზავნის მსოფლიოში.

აშშ-სგან ვაქცინებს საქართველოც მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ს საელჩომ და საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ისაუბრეს.

კომენტარები