აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

FBI: ხორცის მწარმოებელ კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმა რუსულ ჰაკერულ ჯგუფს უკავშირდება

FT

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო მსოფლიოში ხორცის მომწოდებელ ყველაზე მსხვილ კომპანია JBS-ზე კიბერთავდასხმას რუსულ ჰაკერულ ჯგუფს უკავშირებს. ბიუროს თანახმად, ის მუშაობს  რომ ის მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

ჰაკერული ჯგუფი REvil-ი, რომელიც ასევე Sodinokibi-ს სახელით არის ცნობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კიბერკრიმინალთა ჯგუფია.

"JBS-ზე თავდასხმა REvil/Sodinokibi-ს დავუკავშირეთ და ვმუშაობთ, რათა ისინი, ვინც საფრთხეს ქმნის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ." - ამბობს გამოძიების ფედერალური ბიურო.

თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიბერთავდასხმების საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჟენევაში შეხვედრის დროს დააყენებს.

JBS-ის კომპიუტერულ სისტემაზე თავდასხმამ ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკაში კომპანიის საქმიანობის დროებით შეჩერება გამოიწვია. თავდასხმამ ათასობით თანამშრომლებზე იქონია გავლენა. თავდამსხმელები კომპანიისგან გამოსასყიდს ითხოვენ.

კიბერთავდასხმის შედეგად, შესაძლოა, შეფერხდეს ბაზარზე ხორცის მიწოდება და პროდუქციის ფასების ზრდა.

JBS-ის მსოფლიოში ხორცის ყველაზე დიდი მომწოდებელია. ის 15-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით 150 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია 1953 წელს დააფუძნა ბრაზილიაში ხოსე ბატისტა სობრინომ. აშშ-ში JBS ქვეყანაში საქონლის ხორცის პროდუქტების მეოთხედსა და ღორის ხორცის პროდუქტების მეხუთედს აწარმოებს.

კომპანიამ ორშაბათს ყველა იმ სისტემის მუშაობა შეაჩერა, რომელსაც თავდასხმა შეეხო. კიბერთავდასხმა კომპანიის სათადარიგო სერვერებს არ შეხებია.

საკვები პროდუქტების თანამედროვე კომპანიები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული კომპიუტერულ სისტემებზე. კომპიუტერული სისტემები წარმოების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად არიან ჩართული, მათ შორის უშუალოდ მიწოდების პროცესში და გადახდების ნაწილში.

ისეთი კიბერთავდასხმის დროს, როდესაც ჰაკერები გამოსასყიდს ითხოვენ, როგორც წესი, ჰაკერული ჯგუფი კომპანიებს ემუქრება, რომ მისი მუშაობისთვის საჭირო და აუცილებელ მონაცემებს წაშლის ან სენსიტიურ ინფორმაციას გაასაჯაროებს.

გასულ თვეში მსგავსი ჰაკერული თავდასხმა მოხდა აშშ-ს უდიდეს მილსადენზე, რის შედეგადაც ქვეყანაში რამდენიმე დღის მანძილზე საწვავის მიწოდება სერიოზულად იყო შეფერხებული, გაიზარდა საწვავის ფასებიც. ამ თავდასხმასაც რუსეთში მყოფ ჰაკერულ ჯგუფთან აკავშირებდნენ. მილსადენის კომპანია Colonial Pipeline-მა საბოლოოდ რამდენიმე მილიონ დოლარიანი გამოსასყიდი გადაიხადა. აშშ-ს მთავრობის რეკომენდაციაა, კომპანიებმა მსგავს შემთხვევებში გამოსასყიდი არ გადაიხადონ, რადგან ამან შეიძლება მომავალში მსგავსი თავდასხმები წაახალისოს.

კომენტარები