ნინოწმინდის ბავშთა პანსიონი

ლომჯარია ნინოწმინდაზე: გამოძიებები არ ეხება მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებებს, უფრო მძიმესაც

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში დაწყებული გამოძიება ეხება არამხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს, არამედ არის უფრო მძიმე დანაშაულებზე საუბარი. 

"წლების განმავლობაში არის დაწყებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლებით, არის კიდევ უფრო მძიმე მუხლი ერთ-ერთ საქმეში, მას შემდეგ რაც ბენეფიციარმა დატოვა პანსიონი და ამის შემდეგ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იქ ყოფნის პერიოდში ბავშვებს  არ აქვთ საშუალება, რომ სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინება გააკეთონ. დაწყებული გამოძიებები არ ეხება მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებებს და არის უფრო მძიმე დანაშაულებზე საუბარი". – ამბობს სახალხო დამცველი

15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

19 მაისს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

კომენტარები