NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი რუსეთზე: გავაგრძელებთ ორმხრივ მიდგომას – შეკავება და დიალოგი

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების და თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

იენს სტოლტენბერგმა თქმით, რომ ბოლო წლებში NATO-ს მზაობის გაზრდა, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვის ზომების გაზრდა დაკავშირებულია რუსეთის ქმედებებთან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად ზრდის სამხედრო სექტორის დაფინანსებას, მათ შორის ტრადიციული და ბირთვული შეიარაღების სისტემებისთვის. იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, აგრძელებს ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას. ზრდის სამხედრო მობილიზაციას ჩრდილოეთში, ბარენცის ზღვაში, ბალტიის ზღვაში, კალინინგრადში, შავ ზღვაში, ხმელთაშუა ზღვასა და აღმოსავლეთ აზიაში.

"ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც NATO ბოლო წლებში ზრდის ჩვენი ძალების მზაობას და რატომაც გავაფართოვეთ სამხედრო მისია ალიანსის აღმოსავლეთში. [..] NATO-თავდაცვითი ალიანსია, ის მოკავშირეების დაცვისთვის არსებობს. ჩვენი მიზანი კონფლიქტის და ომის პრევენციაა და ამის საუკეთესო საშუალებაა, მივაწოდოთ ნებისმიერ პოტენციურ მტერს მკაფიო გზავნილი, თუ ერთ მოკავშირეს თავს დაესხმებიან, მთელი ალიანსი იქნება იქ. ასე ვიცილებთ თავიდან ომს და ვიცავთ მშვიდობას." – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO გააგრძელებს რუსეთთან ორმხრივ, შეკავებისა და დიალოგის მიდგომას.

"გავაგრძელებთ რუსეთთან ორმხრივი მიდგომას, რაც ნიშნავს მტკიცე შეკავების და თავდაცვის უზრუნველყოფას და ამავდროულად ვიმუშავებთ რუსეთთან დიალოგზე." – თქვა სტოლტენბერგმა.

გუშინ 30 მაისს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქვა, რომ რუსეთი დასავლეთ საზღვრებთან, წლის ბოლომდე, დასავლეთის სამხედრო ოლქში 20 ახალ შენაერთსა და დანაყოფს შექმნის. შოიგუს თქმით, ეს არის პასუხი რეგიონში NATO-სა და აშშ-ს აქტიურობაზე.

"ჩვენი დასავლელი კოლეგების ქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების სისტემას ანგრევენ და გვაიძულებენ, მივიღოთ შესაფერისი საპასუხო ქმედებები". – თქვა შოიგუმ.

კომენტარები