რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსის დიპლომატებს NATO-ს შტაბბინაში შესვლას შეეზღუდებათ

იენს სტოლტენბერგი
Reuters

​NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანახმად, ბელარუსის დიპლომატიური მისიის წევრებს ალიანსის შტაბბინაში შესვლა შეეზღუდებათ. შეზღუდვები დაკავშირებულია ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის რეისის იძულებით დაშვებასთან და ბელარუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის და მისი მეგობარი გოგოს, სოფია საპეგას დაკავებასთან.

"NATO-ში მუდმივად ვაფასებთ უსაფრთხოების ზომებს და გადავწყვიტეთ, რომ ბელარუს პერსონალს NATO-ს შტაბბინაში შესვლა შევუზღუდოთ. [ეს დაფუძნებულია] შტაბბინაში უსაფრთხოების ზომების ჩვენს შეფასებაზე". – თქვა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციის დროს.

ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რეისის იძულებით დაშვება და ჟურნალისტის დაკავება არამხოლოდ საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, არამედ "პირდაპირი თავდასხმაა გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ და დამოუკიდებელ პრესაზე".

"ჩვენ მტკიცედ ვგმობთ მინსკში სამოქალაქო თვითმფრინავის იძულებით დაშვებას. მოვითხოვთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. [..] ეს არის არამხოლოდ საერთაშორისო ნორმების და წესების დარღვევა, არამედ პირდაპირი თავდასხმაა გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ და დამოუკიდებელ პრესაზე. შესაბამისად, მოვითხოვთ იძულებითი დაშვების შემდეგ დაკავებული ორი ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". – თქვა სტოლტენბერგმა.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რომან პროტასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პროტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რომან პროტასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პროტასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პროტასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რომან პროტასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები