საქართველოსთვის

გახარია: ჩემთან ერთად გომურზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ვინც შეჭრისკენ მოუწოდებდა

"მაკო გომურთან მიმართებით ჩვენ რომ სამართლიანად მივუდგეთ საკითხს, ჩემთან ერთად პასუხისმგებლობა, როგორც მინიმუმ, მორალური მაინც უნდა გაიზიაროს ვინც მაკო გომურს მოუწოდებდა იქ შეჭრაზე". – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მთავარი არხის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის კითხვას 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულების შესახებ.

"მაკო გომური, ეს არის ტრაგედია, მაგრამ მე წარმომიდგენია და მინდა გთხოვოთ, თქვენც წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ეს მოძალადე რაზმები, რომლებიც ჩვენმა მოსახლეობამ ტელევიზიით ნახა, შეჭრილიყვნენ პარლამენტში". – თქვა გახარიამ. 


2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. გადადგომისას გაკეთებულ განცხადებაში მან განმარტა, რომ გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა, რომელსაც წინა დღით საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მას არ სურდა ენმ-ს ოფისში შტურმით შესვლა ნიკა მელიას დასაკავებლად.

29 მაისს გახარიამ ახალი პარტია – საქართველოსთვის წარადგინა. 

კომენტარები