ფილიპინები-ჩინეთი

ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის გემების უკანონოდ ყოფნას აპროტესტებს

ფილიპინების სანაპირო დაცვის წევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინურ გემებს აკვირდებიან.

ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინების კუნძულთან ჩინეთის ხანგრძლივად "უკანონო ყოფნას და აქტივობებს" აპროტესტებს.

მანილამ დიპლომატიური პროტესტი გამოხატა კუნძულ პაგ-ასის მიდამოებში ჩინური სათევზაო გემების "განგრძობად, ხანგრძლივ და უკანონო" ყოფნაზე. მანილა პეკინისგან მოითხოვს, რომ გემები დაუყოვნებლივ გაიყვანოს.

უკვე ერთი თვეა, რაც ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია ასობით ჩინური გემის ფილიპინების 300-კილომეტრიან ექსკლუზიურ ეკონომიკური ზონაში განთავსების გამო. მანილა პეკინს ადანაშაულებს, რომ გემები შეიარაღებულია, რასაც პეკინი უარყოფს და ირწმუნება, რომ გემები ცუდი ამინდის გამო აფარებენ იქ თავს. 

"პაგ-ასის კუნძულები ფილიპინების განუყოფელი ნაწილია, სადაც მისი სუვერენიტეტი და იურისდიქცია ვრცელდება". - ვკითხულობთ ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

პაგ-ასის კუნძულები სპრატლის არქიპელაგის ნაწილია, რომელიც კონტინენტური ჩინეთიდან 451 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ჩინეთს პაგ-ასის კუნძულებიდან 25 კილომეტრის მოშორებით სადავო სუბის რიფზე აგებული აქვს პატარა ქალაქი სარაკეტო სისტემებით. 

აპრილში ფილიპინების თავდაცვის მინისტრმა, დელფინ ლორენზამ თქვა, რომ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მეტი ადგილის ოკუპაცია სურს

"ამ ადგილას ჩინური საზღვაო შეიარაღებული ჯგუფების მუდმივი ყოფნა ცხადყოფს მათ განზრახვას, რომ დასავლეთ ფილიპინების ზღვაში მეტი ადგილის ოკუპაცია მოახდინონ". – თქვა თავდაცვის მინისტრმა დელფინ ლორენზანამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.

2016 წელს საერთაშორისო სასამართლომ უგულებელყო ჩინეთის პრეტენზია სამხრეთ ჩინეთის ზღვის 90%-ის ფლობაზე. პეკინი ამ განჩინებას არ ცნობს, სადავო წყლებში კი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს რადარებით, საარტილერიო ბატარეებით და სამხედრო თვითმფრინავების ანგარებით.

ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს თქმით, 2016 წლის გადაწყვეტილების შემდეგ ფილიპინებს ჩინეთზე წნეხი არ გაუზრდია, რამაც ქვეყანაში ნაციონალისტები გააბრაზა. ისინი დუტერტეს ადანაშაულებენ, რომ მილიარდიანი ჩინური ინვესტიციის სანაცვლოდ ტერიტორიებით თამაშობს. აღსანიშნავია, რომ დუტერტეს ასევე ნათქვამი აქვს, რომ ჩინეთი ომის დაწყების საშიშროებას ქმნის. 

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთი ტაივანს, ვიეტნამს, ბრუნეის, მალაიზიასა და ფილიპინებს ედავება, სადაც ჩინეთს სამხედრო უპირატესობა აქვს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა მდიდარია რესურსებით და ამ ზღვაში უამრავი სავაჭრო გემი გადის. ზღვა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია.

კომენტარები