ფილიპინები-ჩინეთი

ფილიპინები ჩინეთს თავის გემებზე თავდასხმაში ადანაშაულებს

Philippine Coast Guard via AP

ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვის სამსახური (CCG) სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოძრავ ფილიპინურ გემებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ფილიპინების სამხედრო ძალებისთვის განკუთვნილი მარაგებით დატვირთულ გემებს თან ახლდა სანაპირო დაცვის (PCG) ხომალდების ესკორტი.

"ფილიპინების სანაპირო დაცვა მკაცრად გმობს ჩინეთის სანაპირო დაცვის სახიფათო მანევრებს და წყლის ჭავლის უკანონო გამოყენებას PCG გემების წინააღმდეგ". - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

საპასუხოდ, ჩინეთმა ფილიპინები მისი წყლების ხელყოფაში დაადანაშაულა და საკუთარ ქმედებებს კანონის შესაბამისი უწოდა. 

"ჩინეთის სანაპირო დაცვამ კანონის შესაბამისად ჩაატარა აუცილებელი კონტროლი და აღკვეთა ფილიპინების გემებით უკანონო სამშენებლო მასალების გადაზიდვა. მოვუწოდებთ ფილიპინურ მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამ საზღვაო ზონაში კანონდამრღვევი ქმედებები" - განაცხადა ჩინეთის სანაპირო დაცვის სპიკერმა, გან იუმ.

ფილიპინები ზემოხსენებულ რეგიონზე ჩინეთის კონტროლის უფლებას არ ცნობს და ამ ტერიტორიას დასავლეთ ფილიპინების ზღვას უწოდებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია სადავოდ მიიჩნევა.

პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე სრულ სუვერენიტეტს აცხადებს, ისევე როგორც იქ არსებულ კუნძულებზე. მათ შორის, 100 პატარა ზომის კუნძულისა და რიფებისგან შემდგარი სპრატლის არქიპელაგია, რომელზეც ფილიპინები, მალაიზია, ბრუნეი და ტაივანი აცხადებენ სრულ ან ნაწილობრივ სუვერენიტეტს.

კომენტარები