რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსი ჟურნალისტის მეგობარი გოგო, სოფია საპეგა მინსკში ორი თვით დააპატიმრეს [VIDEO]

ბელარუსი ჟურნალისტისა და აქტივისტის, რამან პრატასევიჩის მეგობარი გოგო, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა ორი თვით დააკავეს. საპეგა პრატასევიჩის მსგავსად Ryanair-ის რეისის მისნკში იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს. ნოვაია გაზეტა, წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპეგას მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედება ბრალი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სოფია საპეგა ეჭვმიტანილია 2020 წლის აგვისტო -სექტემბერში ჩადენილი დანაშაულებში. ამ პერიოდში ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო პროტესტი ყველაზე აქტიური იყო.

საპეგას მშობლების თანახმად, ის პოლიტიკით აქტიურად არ ინტერესდებოდა. დაკავებულის დედა, ანა დუდიჩი BBC-ს რუსულ სამსახურთან საუბრისას ყვება, რომ მისი შვილი პროტესტში არ მონაწილეობდა. 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოჯახთან ერთად აგარაკზე იყო, მალევე კი 11-12 აგვისტოს ბელარუსიდან ლიტვაში გაფრინდა.

"ის ეჭვმიტანილია იმაში, რომ არეულობაში მონაწილეობდა? ასპროცენტიანი ტყუილია. ის აქ არ იყო". – ამბობს დუდუჩი

ბელარუსის მთავრობის მომხრე ტელეგრამ-არხმა, Желтые сливы გამოაქვეყნა სოფია საპეგას ვიდეო. ვიდეოში ის ამბობს, რომ ტელეგრამ-არხის Черная книга Беларуси-ის (ბელარუსის შავი წიგნი) რედაქტორია, რომელიც "შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების პირად ინფორმაციას აქვეყნებს". ვიდეო ნახევარწუთიანია და საპეგა თავისი დაკავების დეტალებზე არ საუბრობს. საპეგას დედა RT-ს თან საუბრისას აცხადებს, რომ "შოკირებულია" შვილის ვიდეოთი.

"საერთოდ არ მესმის, რა ხდება. რა "შავი წიგნი", სოფია? ან მე დავიბენი, ან ეს სიზმარია, ან ეს მოწყობილია". – თქვა ანა დუდიჩმა.

მანამდე ტელეგრამ-არხმა Желтые сливы რამან პატსაევიჩის აღიარებითი ვიდეოც გამოაქვეყნა. ვიდეოს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია გამოეხმაურა. ტიხანოვსკაია თვლის, რომ პრატასევიჩი აწამეს და ტყევდ აიყვანეს.  რამან პრატასევიჩის მამა, დმიტრი თვლის რომ მისი შვილი საგამოძიებო იზოლატორში სცემეს.

"ეს მისი სიტყვები არაა, დაშინებულია და ძალიან ნერვიულობს. ვფიქრობ, მას სცემდნენ. მარცხენა მხარეს თითქოს გრიმი უსვია, ცხვირზე (შესაძლოა, გატეხილია) და მარცხენა მხარეს პუდრი უსვია. სიგარეტის კოლოფი მისი არაა". – უთხრა დმიტრი პრატასევიჩმა The Insider-ს.


სოფია საპეგა რამან პრატასევიჩს მეგობარი გოგოა. ის და რამანი 23 მაისს მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს. თვითმფრინავი ავიაგამანადგურებელმა შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები