რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსის ცნობით, RYAINAIR-ის რეისი ჰამასის მუქარის გამო დასვეს, დაჯგუფება კავშირს უარყოფს

ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის დირექტორის, არტიომ სიკორსკის თანახმად, მინსკის აეროპორტმა დაჯგუფება ჰამასისგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც Ryanair-ის რეისის ბორტზე, რომელიც 23 მაისს ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ბომბი იყო.

"ჩვენ, ჰამასის მებრძოლები, მოვითხოვთ, რომ ისრაელმა შეწყვიტოს ცეცხლი ღაზის სექტორში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ამ ომში ისრაელის მხარდაჭერაზე. ცნობილია, რომ Delfi-ის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები ბრუნდებიან სახლში რეისით 4978. ამ თვითმფრინავზე არის ბომბი. თუ არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, ბომბი აფეთქდება 23 მაისს ვილნიუსის თავზე". – ამ შინაარსის წერილი ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

სიკორსკის თანახმად, აეროპორტის დისპეტჩერმა ამ საფრთხის შესახებ Ryanair-ის ეკიპაჟს შეატყობინა, რის შემდეგაც ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, თვითმფრინავი მინსკში დაესვა. სიკროსკი აღნიშნავს, რომ გამანადგურებელი მიგ-29-ის მხრიდან "არანაირი ზეწოლა ან იძულება თვითმფრინავის დაშვებისთვის არ ყოფილა".

"იმის თქმა, რომ მორიგე ეკიპაჟმა Ryanair-ის ბორტის ფრენა შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება". – ამბობს ბელარუსის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, იგორ გოლუბი.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო. ინფორმაცია Reuters-ს ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფაუზი ბარჰუმმა, მიაწოდა.

​"ჩვენ არ მივმართავთ ასეთ მეთოდებს". – თქვა ბარჰუმმა.

ბარჰუმის მოსაზრებით, წერილი ჰამასის სახელით გააგზავნა მან, ვისაც დაჯგუფების "დემონიზება" და "პალესტინელი ხალხისა და მათი ლეგიტიმური წინააღმდეგობისთვის" არსებული სიმპათიების ძირის გამოთხრა სურს.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს. ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რამან პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს ასევე შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რომან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.


რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები