ნამახვანჰესი

თანასწორობის მოძრაობა აქციაზე: აუცილებელია ორგანიზატორებმა დაგმონ აქტივისტებზე ძალადობა

თანასწორობის მოძრაობა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე LGBTQ აქტივისტებთან დაპირისპირებას ეხმაურება. მოძრაობა წერს, რომ აუცილებელია აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას.

"ცალკეული აქტივისტებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა აქტივისტებს ბანერი დაუხიეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ფაქტებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან დროული და ეფექტიანი რეაგირება არ მოყოლია. ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე აქტივისტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ტერიტორია.

თანასწორობის მოძრაობა მხარს უჭერს რიონის ხეობის მცველების სამართლიან პროტესტს. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი აერთიანებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს. გვჯერა, რომ პროტესტის მიზანი საერთო კეთილდღეობის მიღწევაა და არა საზოგადოების დანაწევრება, პოლარიზება. აუცილებლად მიგვაჩნია, აქციის ორგანიზატორებმა ღიად და საჯაროდ დაგმონ აქტივისტებზე ძალადობის შემთხვევები, გაემიჯნონ ულტრამემარჯვენე, რადიკალურ ჯგუფებს და ხელი შეუწყონ პროტესტში მონაწილე პირების მშვიდობიან გამოხატვას". – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

მოძრაობა სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდებს, დაიცვან პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება. 

"მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოება, გაატარონ ეფექტიანი ზომები ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მოძალადეების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროპორციული საშუალებები გამოიყენონ". – ვკითხულობთ მოძრაობის განცხადებაში. 

პუტინისტურმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი აქციიდან ლგბტქ+ სამკლაურის ქონის გამო გააგდეს. აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ აქციაზე სიმბოლიკები არ დაიშვება, გარდა სახელმწიფო სიმბოლიკისა.

23 მაისს აქციაზე ტაბულამ პროტესტის ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს კითხვები დაუსვა LGBTQ თემის უფლებებთან დაკავშირებით, მათი გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე. გოლეთიანმა თქვა, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.


მეორე დღეა, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია იმართება. საპროტესტო აქცია გუშინ, 23 მაისს დაიწყო. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა  ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.

მთავარ მოთხოვნებს შორის არის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშეკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები