ნამახვანჰესი

ვარლამ გოლეთიანი LGBTQ უფლებებზე: აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველას

ვარლამ გოლეთიანი
ტაბულა

დღეს, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ტაბულამ პროტესტის ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს კითხვები დაუსვა LGBTQ თემის უფლებებთან დაკავშირებით, მათი გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე. პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

 

აქციის მონაწილეთა ნაწილს აინტერესებს თქვენი აზრი LGBTQ თემთან დაკავშირებით, ხალხის ნახევარი, ვინც არის შეკრებილი, უმცირესობაზე ძალადობს და ამბობს, რომ მათ არ აქვთ ისეთი უფლებები, რითაც ჰეტეროსექსუალები სარგებლობენ, რა არის თქვენი პირადი აზრი ამასთან დაკავშირებით?

ჩვენ ზოგადად გვაქვს ასეთი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში: ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა, აქციებზე, ბუნებრივია, ვერავის მოსვლა ვერ შეეზღუდება, მისი კუთვნილებიდან გამომდინარე, თუ რა ან ვის ჯგუფს წარმოადგენენ ეს ადამიანები, ამას ვერ ექნება მნიშვნელობა, როცა მოძრაობა არის სახალხო ხო? ასევე, მოვუწოდებთ იმ  მხარეებს, ჩვენთან, სხვათა შორის, იყო ასეთი შემთხვევა ნამახვანში, როდესაც დაპირისპირებული ჯგუფები მოდიოდნენ და ჩვენ მუდმივად ვცდილობდით იმას, რომ ამ ხალხს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება. 

პირადად თქვენი აზრი არის საინტერესო, აქვს თუ არა მათ აზრის გამოხატვის თავისუფლება?

აზრის გამოხატვის, რა თქმა უნდა, აქვს ყველა მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსსაც, ამიტომ ვამბობთ, რომ თუ ჩვეულებრივი მოქალაქის ფარგლებს არ გაცდება მისი პროტესტი, რაც არის, შეუძლია აქ მოვიდეს და გააპროტესტოს, მეტი არაფრის თქმა შემიძლია.

LGBTQ  უფლებებზე ამის მეტი სათქმელი არ გაქვთ? უჭერთ თუ არა მათ გამოხატვის თავისუფლებას მხარს? ზოგადად?

აზრის გამოხატვის თავისუფლება ჩვენს აქციაზე ყველას აქვს, მოვიდეს და გააპროტესტოს. ზოგადად, როგორც მოქალაქეს, პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ყველას, ანუ ამაზე მეტი რა კონკრეტიკაა საჭირო. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.

 

ვარლამ გოლეთიანის პროტესტს მრავალმა ქვიარ ჯგუფმა გამოუცხადა სოლიდარობა. მათ კამპანიაც წამოიწყეს - "ქვიარები რიონისთვის". საპასუხოდ, გოლეთიანმა მათ უფლებებზე საუბარი არ ისურვა.


რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მთავარი მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება:

  • კომპანია ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და გაწყდეს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ. გაწყდეს ყველა ხელშკრულება, რომელიც კომპანია ენკაზე ნამოხავნჰესთან დაკავშირებით 2015 წლის შემდეგ დაიდო.
  • გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა მოსახლეობის აზრი ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით იყოს გათვალისწინებული. გოლეთიანის განმარტებით, მორატორიუმი საჭიროა, რათა შესაძლებელი იყოს საერთაშორისო პრაქტიკის და მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით.
  • აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი ნამახავნჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებისთვის

ამასთან ერთად, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო ხვალ, 24 მაისს 12:00 საათამდე მისცა.


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები