ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

ნინოწმინდის ბავშვებისთვის – პირველ ივნისს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

FB

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 18:00-ზე, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება. ინფორმაციას აქციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

"თვეზე მეტია სახალხო დამცველს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში” არ უშვებენ. ამა წლის 7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულა, პასუხისმგებლობა აეღო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის განხორციელებაზე.

სამწუხაროდ, სახელმწიფო დღემდე არ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, მაშინ როცა, სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას". – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და მათზე სათანადო ზრუნვას. აქციის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
  • დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

აქციას უერთდებიან ქალთა მოძრაობა, სირცხვილია, Tbilisi Pride, ფონდი ფემინა.


15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

19 მაისს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

კომენტარები