დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაიწყო

AFP

ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ შაბათს, 22 მაისს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების, საკვების და საწვავის მიწოდება დაიწყო. ათასობით იძულებით გადაადგილებული პალესტინელი სახლებს დაუბრუნდა.

ისრაელმა დროებით გახსნა ერეზის და კარემ შალომის გასასვლელები, რომლებიც 11-დღიანი კონფლიქტის დროს ჩაკეტილი იყო და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მანქანებს ღაზის სექტორში შესვლის საშუალება მისცა.

Unicef-ის თანახმად, ღაზის სექტორში 100 000-ზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა და თითქმის 800 000 ადამიანს სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდება. პალესტინელების ცნობით, სექტორის აღდგენას ათობით მილიონი დოლარი დასჭირდება.

ისრაელში საგანგებო შეზღუდვები მოიხსნა და სკოლებში სწავლა კვირის შემდეგ განახლდება.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელზე ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები დაიწყო, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის 11-დღიანი დაძაბულობა  21 მაისს შეჩერდა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. კონფლიქტს 248 ადამიანი ემსხვერპლა, 1 900 დაშავდა. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაძლიერების მიზნით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 26 და 27 მაისს ისრაელს და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს ეწვევა.

კომენტარები