დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბლინკენი ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 26 და 27 მაისს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაძლიერების მიზნით, ისრაელს და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

სახელმწიფო დეპარტამენტმა ბლინკენის მომავალი ვიზიტი 20 მაისს დააანონსა. ის "განიხილავს აღდგენის მცდელობებს და ერთად იმუშავებენ ისრაელისა და პალესტინელების უკეთესი მომავლის შესაქმნელად".

წყაროს თქმით, ბლინკენის ახლო აღმოსავლეთის ტურნე ასევე მოიცავს ვიზიტს ეგვიპტესა და იორდანიაში, რომლებიც შეთანხმების მედიატორები იყვნენ.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის 11-დღიანი დაძაბულობა  21 მაისს შეჩერდა. კონფლიქტს 248 ადამიანი ემსხვერპლა, 1 900 დაშავდა. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კომენტარები