დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

WSJ: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის, შესაძლოა, პარასკევს შედგეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი ისვრის ღაზის სექტორის მიმართულებით
The Times of Israel

The Wall Street Journal-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარასკევს, 21 მაისს, შესაძლოა გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის. WSJ მოლაპარაკებებში ჩართულ პიროვნებებს ეყრდნობა. 

მოლაპარაკებებში ჩართული უცხოეთის ოფიციალური პირების თქმით, ეგვიპტის წარმომადგენლებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ჰამასის ლიდერებთან საუბრებში, ისრაელის სამხედრო ძალებში კი აღიარებენ, რომ ისინი ახლოს არიან ღაზის სექტორში დასახული ყველა მიზნის შესრულებასთან. ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ ამ კვირაში მოლაპარაკება შედგება, თუკი რაიმე მოულოდნელი შეტაკება არ მოხდა. 

აშშ, ეგვიპტე, კატარი და რამდენიმე ევროპული ქვეყანა ორივე მხარეზე ზეწოლას ცდილობდა, რათა ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე  მისულიყვნენ. 

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის 19 მაისს მეოთხე სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დროს ბაიდენმა უთხრა ნეთანიაჰუს, რომ  ელოდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. 

ეგვიპტის მხარემ ჰამასს ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა. პირველი, ისრაელსა და ჰამასს შეუძლიათ ცეცხლის შეწყვეტა დამატებითი პირობების გარეშე გააფორმონ. მეორე, მხარეებმა დროებით შეაჩერონ საბრძოლო ქმედებები და დაიწყონ გრძელვადიანი მუშაობა ცეცხლის შეწყვეტაზე.

ხალედ მეშაალმა, კატარში მყოფმა ჰამასის წარმომადგენელმა, თურქეთის მედიასთან საუბრის დროს, თქვა, რომ ჰამასი თანახმა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, თუკი ისრაელი მათ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მათ შორის შეწყვეტს თავდასხმებს ღაზის სექტორზე და ალ-აკსას მეჩეთში მუსლიმებს ლოცვის უფლებას კვლავ მისცემენ. 

ისრაელმა უკვე მოხსნა დროებითი შეზღუდვა ალ-აკსაში მლოცველთა შეშვებაზე, რაც უსაფრთხოების მიზნებით ჰქონდათ დაწესებული.

მოლაპარაკებებში პრობლემას ქმნის დაჯგუფება ისლამური ჯიჰადი. მათი დამოკიდებულება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

პარალელურად, 8-საათიანი შესვენების შემდეგ, მაინც გრძელდება სარაკეტო თავდასხმები ღაზის სექტორიდან. გრძელდება ისრაელის საპასუხო ცეცხლიც. 


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.

ზოგ ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის სამართალდამცველებსა და ეთნიკურ პალესტინელებს შორის. დიდი შეტაკებები იყო ქალაქ რამლასა და ლოდში, მრავალი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს. მსგავსი შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონშიც.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

17 მაისს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები