კრიპტოვალუტა

ბიტკოინის ფასი 40%-ით შემცირდა და $40 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

Getty Images

მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 40%-ით შემცირდა და $40 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა. Bloomberg-ის ცნობით, დილის 6:36 საათზე ლონდონში ბიტკოინის ფასი 39 360 დოლარამდე იყო. ბოლოს ასეთი ფასი კრიპტოვალუტას მიმდინარე წლის თებერვალში ჰქონდა.

ბიტკოინის ფასის ამგვარი კლება დაკავშირებულია ჩინეთის მიერ საფინანსო ინსტიტუტებისთვის და კომპანიებისთვის აკრძალვასთან, აწარმოონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სერვისები და ტრანზაქციები. ჩინეთის სახალხო ბანკის თანახმად, ვირტუალური ვალუტები არ შეიძლება იქნას გამოყენებული გადახდის საშუალებად, რადგან ისინი ნამდვილი ვალუტები არ არიან. 

საფინანსო ინსტიტუტებს ბიტკოინით ტრანზაქციები ჩინეთში 2017 წლის შემდეგ აკრძალული აქვთ. 

ფასის კლება ასევე ილონ მასკის კრიტიკასა და ტვიტებსაც უკავშირდება. მან კრიპტოვალუტა მაღალი ენერგომოხმარებისა და ტექნიკური სირთულეების გამო გააკრიტიკა, მასკის თქმით, ბიტკოინის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარეობს, რაც გარემოს აბინძურებს. 

სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებით, Tesla-მ ბიტკოინის ანგარიშსწორების საშუალებად მიღება შეწყვიტა, რის შემდეგაც ბიტკოინის ფასი დაეცა.

კომპანია Tesla რეზერვებში 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინს ფლობს. მასკის თქმით, კომპანია აღნიშნული კრიპტოვალუტის გაყიდვას არ აპირებს. 

2021 წლის თებერვალში ილონ მასკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა

იანვარში კრიპტოვალუტის შეძენის სავარაუდო ფასი დაახლოებით 34 000 დოლარი იყო. მარტში კი მისმა ფასმა 64 000 დოლარს მიაღწია.

კომენტარები