მიანმარი

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის ხუნტას ახალი სანქციები დაუწესეს

Reuters

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ 17 მაისს მიანმარის სამხედრო ხუნტას ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ს სანქციები შეეხო სახელმწიფო ადმინისტრაციის საბჭოს (სამხედრო ხუნტას) და 13 ოფიციალურ პირს. სანქციების ფარგლებში გაიყინა მათი ანგარიშები და აშშ-ს მოქალაქეებს მათთან ბიზნეს ურთიერთობის დამყარება აეკრძალათ.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები შეეხო სახელმწიფო ადმინისტრაციის საბჭოს 4 წევრსა და 9 ოფიციალურ პირს, რომლებიც მიანმარის სამხედრო მმართველების ცენტრალური ფიგურები არიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვაშინგტონის სანქციები მიანმარში სამოქალაქო პირებს შეეხო, თუმცა მათი უმეტესობა ყოფილი სამხედროა.

კანადის სანქციები შეეხო იმ კომპანიებსა და სუბიექტებს, რომლებსაც კავშირები აქვთ მიანმარის სამხედრო ძალებთან. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა სახელმწიფო კომპანიას Myanmar Gems Enterprise-ს, რომელსაც აშშ-ს აქამდე დაწესებული სანქციები შეეხო.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ხუნტას არ ჰქონია მცდელობები მაინმარში დემოკრატიის აღდგენაზე ემუშავა და ქვეყნებს მოუწოდა, ეფიქრათ მიანმარისთვის იარაღზე ემბარგოს დაწესებასა და სამხედროების მფლობელობაში მყოფ კომპანიებთან ურთიერთობის გაწყვეტაზე.

ბლინკენმა სამხედრო ძალებს მოუწოდა ეთანამშრომლათ გაეროსთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებთან, რათა გაეტარებინათ 5-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ.

"დღეს ჩვენმა მოქმედებებმა გაზი გაუსვა, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოვაქციოთ რეჟიმი მანამდე, სანამ ის არ წყვეტს ძალადობას და არ სცემს პატივს ხალხის ნებას". – თქვა ენტონი ბლინკენმა.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახამრების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 802 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 4 120 ადამიანი, რომელთაგან 20 სიკვდილი აქვს მისჯილი.

სამხედრო ხუნტის საპასუხოდ 16 აპრილს აუნ სან სუჩის მხარდამჭერებმა მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობა ჩამოაყალიბეს. კაბინეტის წევრები არიან 2020 წლის არჩევნებში არჩეული კანონმდებლები, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გადატრიალების მოწინააღმდეგე პროტესტების ლიდერები. კაბინეტის წევრების უმეტესობა იმალება ან ქვეყნიდანაა გაქცეული.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს.

კომენტარები