მიანმარი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერებმა მიანმარის კრიზისის დასრულებისთვის კონსენსუსს მიაღწიეს

ინდონეზიის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოს სიტყვით გამოსვლა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციცაციის სამიტზე. ჯაკარტა, ინდონეზია. 24 აპრილი, 2021
AFP

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების ცნობით, ისინი მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერთან ქვეყანაში კრიზისის დასრულებისთვის კონსენსუსზე შეთანხმდნენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეხვედრას მიანმარის ხუნტის გენერალი მინ აუნ ჰლაინი ესწრებოდა.

"შევეცადეთ მისი [ჰლაინის] მხარე ზედმეტად არ დაგვედანაშაულებინა, რადგანაც ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ იწვევს ძალადობას. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს. მისთვის პრობლემებს მეორე მხარე იწვევს, მაგრამ დაგვთანხმდა, რომ ძალადობა უნდა დასრულდეს" – თქვა მალაიზიის პრემიერმინისტრმა მუჰიდინ იასინმა

ASEAN-ის ლიდერებს სურდათ, მინ აუნ ჰლაინისგან მიეღოთ პირობა, რომ ის შეაკავებს უშიშროების ძალებს. მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, მიანმარის უშიშროების ძალებმა დემონსტრაციების დროს 745 ადამიანი მოკლეს. ლიდერებს ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება სურდათ.

"მას [ჰლაინს] უარი არ უთქვამს ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის შემოთავაზებებზე" – თქვა მალაიზიის პრემიერმინისტრმა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას კონსენსუსს მიაღწიეს 5 საკითხზე: ძალადობის დასრულება, ყველა მხარეს შორის კონსტრუქციული დიალოგი, დიალოგის ფასილიტატორად ASEAN-ის საგანგებო წარმომადგენლის დანიშვნა, წარმომადგენლის მიანმარში ჩასვლა და მიანმარის მიერ დახმარების მიღება.

ხუთპუნქტიან კონსენსუსში ნახსენები არ არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

სინგაპურის პრემიერმინისტრ ლი სიან ლუნის თანახმად, მინ აუნ ჰლაინმა თქვა, რომ გაითვალისწინებდა საკითხებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა, არ შეეწინააღმდეგება იმას, რომ ASEAN-ის დელეგაცია ვიზიტით ჩავიდეს მიანმარში, კონსტრუქციული როლი ითამაშოს და ორგანიზაციამ მიანმარს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.

თუმცა ლი სიან ლუნმა აღნიშნა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია, რადგან "ერთია თქვა, რომ შეწყვეტ ძალადობას და გაათავისუფლებ პოლიტიკურ პატიმრებს, მაგრამ მეორეა შეასრულო ეს"

მინ აუნ ჰლაინს სამიტის შემდეგ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. Myawaddy TV-ს თქმით მიანმარი ASEAN-თან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, მათ შორის "მიანმარში პოლიტიკური ტრანზიციის საკითხში". Myawaddy TV მიანმარის ხუნტის მიერ კონტროლირებადი მედიაა. 

ASEAN-ის პარლამენტის ადამიანთა უფლებათა ჯგუფის თავმჯდომარემ, ჩარლზ სანტიაგომ მიანმარში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ძალადობის დასრულების ზუსტი ვადების დადგენა მოითხოვა.

"ASEAN-მა სწრაფად უნდა იმოქმედოს და მინ აუნ ჰლაინის ზუსტი ვადები გაუწეროს ძალადობის დასრულებისთვის, ან მზად იყოს მისი ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებისათვის". – თქვა სანტიაგომ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრა მიანმარში კრიზისის დასრულების პირველი საერთაშორისო, კოორდინირებული ძალისხმევაა. მიანმარი ასოციაციის წევრია. ორგანიზაციის პოლიტიკა კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი და წევრ სახელმწიფოების შიდა საქმეში ჩაურევლობაა.

კონსენსუსს მიესალმება ხუნტის მოწინააღმდეგე მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობა, რომელიც პროდემოკრატიული ფიგურები, აუნ სან სუ ჩის ყოფილი ადმინისტრაციის წევრები და შეიარაღებული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან. ეროვნული ერთობის მთავრობა ამბობს, რომ ხუნტამ დადებული პირობები უნდა შეასრულოს.  

"ჩვენ ველით მტკიცე ნაბიჯებს ASEAN-ისგან რომელიც მოჰყვება მის გადაწყვეტილებას, აღადგინოს ჩვენი დემოკრატია" – თქვა ეროვნული ერთობის მთავრობის წარმომადგენელმა.

მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერის მიერ ASEAN-ის სამიტზე დასწრება უჩვეულო მოვლენაა, როგორც წესი, ხუნტა წარმომადგენლებად უფრო დაბალი რანგის პირებს გზავნის შეხვედრებზე.

სამიტს ესწრებოდნენ ინდონეზიის, ვიეტნამის, სინგაპურის, მალაიზიის, კამბოჯის და ბრუნეის ლიდერები და, ასევე ,ლაოსის, ტაილანდის და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრები.

მართალია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ჩაურევლობის პოლიტიკა ართულებს სხვადასხვა საკითხებთან გამკლავებას, მაგრამ გაერო, ჩინეთი და აშშ მიიჩნევენ, რომ ამ ორგანიზაციას ყველაზე უკეთ შეუძლია, მიანმარის ხუნტასთან პირდაპირ აწარმოოს დიალოგი.

"ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოში მოუთმენლად ველით ASEAN-ის შეხვედრას მიანმარზე, რომელიც იმსახურებს სერიოზულ და დაუყოვნებლივ ყურადღებას". – წერს აშშ-ს ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდი Twitter-ზე.


მიანმარში კრიზისი, თითქმის სამი თვეა, გრძელდება. პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო იარაღს იყენებენ.

ორგანიზაცია პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 745  მოკლეს.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული სანქციები დაუწესეს.

კომენტარები