ვაქცინაცია საქართველოში

ციხეებში ვაქცინაცია დაიწყო – სამ დაწესებულებაში სურვილი 240-მა მსჯავრდადებულმა გამოთქვა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდადებულთა ვაქცინაცია დაიწყო. 18 მაისს გეგუთის #14; გლდანის #8 და რუსთავის ქალთა #5 ციხეებში მყოფი მსჯავრდადებულები აიცრებიან. ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს. დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდადებულია, გლდანში - 120, ხოლო რუსთავში – 30.

"ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები". – ნათქვამია განცხადებაში. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 29 685 ტესტი, საიდანაც დადასტურდა 1 562 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 1 490 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.72%.

კომენტარები