მიანმარი

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 800-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

AFP

მიანმარში, პირველ თებერვალს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში, უშიშროების ძალებმა 800-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.

პროდემოკრატიული პროტესტის საპასუხოდ ხუნტა დემონსტრანტების წინააღმდეგ მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში დაპირისპირებაა არმიასა და აჯანყებული ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებსა და ახლად ჩამოყალიბებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის. ბოლო მონაცემებით, რომელსაც ორგანიზაცია პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაცია ავრცელებს, მოკლულია 802 ადამიანი.

"ეს რიცხვი არის ორგანიზაციის მიერ დადასტურებული, დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო დიდია". – ამბობს ორგანიზაცია.

დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით მიანმარის ხუნტას კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, დაკავებულია 4 120 ადამიანი, რომელთაგან 20 მათგანს სიკვდილი აქვს მისჯილი.

პირველი თებერვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა არმიასა და ადგილობრივ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ქალაქ მინდატში. მინდატი ინდოეთის საზღვრიდან 100 კილომეტრით დაშორებული ჩინის შტატის ქალაქია. სამხედრო ძალების თავდასხმის შემდეგ მინდატის ათასობით მცხოვრები ჯუნგლებსა და სოფლებში იმალება. 

გასულ კვირას მინდატში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. რის შემდეგაც სამხედრო ძალებმა არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით ახლად ჩამოყალიბებული ჩინლანდის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს. შეიარაღებულმა ჯგუფის თანახმად, სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან არიდების მიზნით დაჯგუფებამ უკან დაიხია. 

Reuters-ის თანახმად, მინდატში საკვები პროდუქტების დეფიციტია და ქალაქი 5 000-8 000-მა ადამიანმა დატოვა. ქალაქში შესასვლელი გზები სამხედროებმა გადაკეტეს, რაც ქალაქში დაბრუნებას ართულებს.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დროებით გადაიდო კენჭისყრა მიანმარისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესების საკითხზე. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება კენჭისყრა. დიპლომატების ნაწილი ამბობს, რომ კენჭისყრის დროებით გადადება საკითხისთვის მეტი მხარდაჭერის მოპოვებას ემსახურება. რეზოლუცია, რომელიც, შესაძლოა, გაერომ მიიღოს, მიანმარის სამხედრო ძალებს მოუწოდებს, დაასრულოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, შეწყვიტოს ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პატივი სცეს ხალხის ნებას, რომელსაც ნოემბრის არჩევნები გამოხატავს.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს.

სამხედრო ხუნტის საპასუხოდ 16 აპრილს აუნ სან სუჩის მხარდამჭერებმა მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობა ჩამოაყალიბეს. კაბინეტის წევრები არიან 2020 წლის არჩევნებში არჩეული კანონმდებლები, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გადატრიალების მოწინააღმდეგე პროტესტების ლიდერები. კაბინეტის წევრების უმეტესობა იმალება ან ქვეყნიდანაა გაქცეული.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

მარტში აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს სანქციები დაუწესეს.

კომენტარები