დაპირისპირება დმანისში

"მიუტევეს, შერიგდნენ" – მუფტის თქმით, დმანისში დაპირისპირებულებს შორის შეთანხმება შედგა

მთავარი არხი

აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის, ეტიბარ ემინოვის თქმით, დმანისში დაპირისპირებულმა მხარეებმა "ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ". ამის შესახებ მუფტმა ხელისუფლებისა და კონფლიქტის მონაწილეებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს, ხელი ჩავკიდოთ და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები იყვნენ საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტი 16 მაისს, დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირებით დაიწყო. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

კომენტარები