დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალები: მოვკალით ისლამური ჯიჰადის მეთაური

დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის წევრები

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ ღაზაში იერიშის დროს მოკლეს ტერორისტული დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის მეთაური, ჰუსამ აბუ ჰარბიდი.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, აბუ ჰარბიდი 15 წელია, ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობდა. მას ასევე ადანაშაულებდნენ გასულ კვირაში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გასროლაში ისრაელის მიმართულებით, რამაც მოქალაქის დაშავება გამოიწვია. 

ისლამურ ჯიჰადს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ისლამური ჯიჰადი ჰამასის პარტნიორი დაჯგუფებაა და გასული კვირიდან მოყოლებული, რაკეტებს მათთან ერთად ისვრიან ისრაელის მიმართულებით.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში მინიმუმ 197 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 47 ბავშვი. ისრაელში დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.

ზოგ ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის სამართალდამცველებსა და ეთნიკურ პალესტინელებს შორის. დიდი შეტაკებები იყო ქალაქ რამლასა და ლოდში, მრავალი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს. მსგავსი შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონშიც.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები