დაპირისპირება დმანისში

შს მინისტრის მოადგილე დმანისზე: პოლიციას დროული რეაგირება ჰქონდა, დეტალურად შევისწავლით

ალექსანდრე დარახველიძე
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მისივე თქმით, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ხდება და ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს. 

"მიმდინარეობს გარემოებების გამოკვეთა. ხდება ყველა ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შესწავლა და რაც გამოიკვეთება კონკრეტულ საქმეში, შესაბამისად გაგრძელდება გამოძიება იმ მუხლებით რა მუხლებიც გამოიკვეთება და მოხდება ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ჩაიდინა დანაშაული. პოლიციას ჰქონდა დროული რეაგირება". – ამბობს დარახველიძე. 

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები