დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერის სახლზე სარაკეტო შეტევა მიიტანა [VIDEO]

16 მაისის ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ღაზის სექტორში ჰამასის პოლიტიკური ფრთის ლიდერის იაჰი სინვარის სახლზე. შეტევა ასევე განხორციელდა იაჰი სინვარას ძმის, მუჰამედ სინვარის სახლზე. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის მხარის ცნობით, სახლს იყენებდნენ სამხედრო ბაზად. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეტევები მიიტანეს ჰამასის პოლიტბიუროს ჰალილი ალ-ჰაიი და ალ-ფარკაინის ბატალიონის მეთაურ ჰალიდ მანამარზე. ისრაელის თავდაცვის ძალები ინფორმაციას ავრცელებენ ჰამასის დაზვერვის უშიშროების განყოფილების ხელმძღვანელის, ჰასან კაუჯის და მისი მოადგილის, ვაილია ისის მოკვლის შესახებ.

ჰამასის ცნობით, 16 მაისის ღამის შეტევების შემდეგ ღაზის სექტორში 33 ადამიანია მოკლული და 50 დაჭრილი. დაღუპულთა შორის 12 ქალი და 8 ბავშვია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 16 მაისის ღამეს ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. რაკეტების დაახლოებით ნახევარი ისრაელის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილისკენ გაისროლეს.

დაპირისპირება ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის, მეშვიდე დღეა, გრძელდება. დაპირისპირების ფონზე სატელეფონო საუბრები შედგა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრსა და პალესტინის პრეზიდენტს შორის.

კვირას საკითხის განხილვისთვის გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.

10 მაისიდან მოყოლებული, ღაზის სექტორიდან 2 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ღაზის სექტორში, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის ცნობით დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ისრაელის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში. 

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

 

კომენტარები