დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალები: 16 მაისის ღამეს ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა ისროლა

სურათის უკანა ხედზე ჩანს, როგორ ანეტირალებს რკინის გუმბათის (მარცხნივ) ჰამასის ნასროლ რაკეტებს (მარჯვნივ). წინა ფონზე, მარჯვნიდან, ჩანს ჰამასის მიერ ნასროლი რაკეტების ახალი ტალღა.  16 მაისი, 2021
ANAS BABA / AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, 16 მაისის ღამეს ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა. რაკეტების დაახლოებით ნახევარი ისრაელის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილისკენ გაისროლეს. რაკეტების უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რკინის გუმბათმა გაანეიტრალა და ისრაელის მხარის თანახმად, შეტევას მსხვერპლი ან მნიშვნელოვანი ზარალი არ მოჰყოლია.

სამხედრო ძალების თანახმად, 10 მაისს კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 2 500-მდე რაკეტა ისროლა.

ისრაელის უშიშროების კაბინეტი კვირას, 16 მაისს შეიკრიბება, რათა ბრძოლის შემდგომი ნაბიჯები და სტრატეგია განიხილოს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, მოსალოდნელია, რომ დღეს, 16 მაისს, ღაზის სექტორში გამოილევა საწვავი, რომელიც ელექტროსადგურის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო და სექტორში კიდევ უფრო შემცირდება ელექტროენერგიის მიწოდება. ისრაელის თავდასხმების დროს განადგურდა კარემ შალომის სასაზღვრო პუნქტი, რომლის გავლითაც ღაზის სექტორში ძირითადი მილსადენი შედიოდა. სექტორს საწვავის მიწოდება შეუწყდა და ანკლავში ელექტროენერგიის მიწოდება დღეში 4-5 საათამდე შემცირდა.

დაპირისპირება ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს შორის მეშვიდე დღეა, გრძელდება. დაპირისპირების ფონზე სატელეფონო საუბრები შედგა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრსა და პალესტინის პრეზიდენტს შორის.

კვირას საკითხის განხილვისთვის გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.

10 მაისიდან მოყოლებული ღაზის სექტორიდან 2 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ღაზის სექტორში სულ მცირე 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის თანახმად დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ისრაელის თანახმად, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში. 

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები