დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ღაზაში ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სადამდეც საჭირო იქნება

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბეინამინ ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუმ საუბრის დროს ბრძოლის ორი ფრონტი ახსენა.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით. პირველი არის ღაზა. მე ვთქვი, რომ ჰამასსა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ძვირად ვაზღვევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ასეც გავაგრძელებთ. ბოლო სიტყვები არ თქმულა და ეს ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სადამდეც საჭირო იქნება, რათა ისრაელის სახელმწიფოში აღვადგინოთ სიმშვიდე და უსაფრთხოება. მეორე ფრონტი ისრაელის ქალაქებია. ვიმეორებ, რაც დღეს ვთქვი. ჩვენ 100%-ით დავეხმარებით პოლიციას, სასაზღვრო პოლიციის ჯარისკაცებს და სხვა უსაფრთხოების ძალებს, რათა ისრაელის ქალაქებში აღვადგინოთ წესრიგი და სამართალი. ჩვენ არ შევეგუებით ანარქიას". – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ღაზას უტევენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს

როგორც გაირკვა, ისრაელის თავდაცვის ძალების Twitter-ზე გამოქვეყნებულმა სიტყვებმა უცხოური მედიები შეცდომაში შეიყვანა. ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრა არ დაწყებულა. ისრაელის თავდაცვის ძალები გულისხმობდნენ, რომ სახმელეთო დანაყოფები ოპერაციებში სასაზღვრო ხაზიდან არიან ჩართული.

დაჯგუფება ჰამასის თქმით, მხოლოდ რამდენიმე წუთში ისრაელმა ღაზის სექტორში 150-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორიდან 4 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ისრაელის მოქალაქეებს თავშესაფარ ბუნკერებში შესვლას უბრძანებს.

დიდი სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან ერთად, აშშ-მ ისრაელიდან პენტაგონის 120 თანამშრომლის ევაკუაცია დაიწყო.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

 

კომენტარები