დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასმა ისრაელის მიმართულებით თვითმკვლელი დრონები გაუშვა, გრძელდება სარაკეტო თავდასხმაც

ჰამასის წევრი ე.წ. თვითმკვლელი დრონით, 2014 წელი
Jerusalem Post

ჰამასმა პასუხისმგებლობა აიღო ისრაელის მიმართულებით გაგზავნილ ე.წ. თვითმკვლელ დრონებზე. 

პირველი თვითმკვლელი დრონი ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ, 12 მაისს გააუვნებლეს. მათ შეძლეს 13 მაისს გაგზავნილი დრონების უვნებელყოფაც. 

გრძელდება ჰამასის სარაკეტო თავდასხმებიც ღაზის სექტორიდან.

დრონებით თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიზანში ამოიღეს და იერიში მიიტანეს შენობაზე, რომელშიც ჰამასის დრონების ოპერაციების მეთაური სამერ აბუ დაკა იმყოფებოდა. გადაურჩა თუ არა ის თავდასხმას, ჯერჯერობით უცნობია.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ ასევე დაბომბეს ჰამასის სამხედრო დაზვერვის ცენტრი, სადაც დაჯგუფების ათობით წევრი იმყოფებოდა.

პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორის საზღვართან ჯარს კრებს და შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.

დღეს, 13 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზაში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმა წარუდგინეს.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები