დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზაში შესაძლო შეჭრის გეგმას წარუდგენენ

ისრაელის თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკის დანაყოფი ემზადება ღაზის სექტორისკენ გადაასაადგილებლად, გოლანის მაღლობები, 2021 წლის 11 მაისი
The Times of Israel

დღეს, 13 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზაში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენენ. ცნობას ისრაელის მედია, The Times of Israel ავრცელებს.

ამ გეგმაზე ისრაელის ღაზის დივიზია და სამხრეთის სამხედრო ოლქი მუშაობენ. გეგმის გენერალური შტაბის მიერ დამტკიცების შემთხვევაში მას ისრაელის მთავრობას გადასცემენ, რათა გადაწყვიტონ, დაიწყონ თუ არა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია. 

გასულ დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამატებითი სახმელეთო ძალები ღაზის სექტორის საზღვართან გაგზავნეს, მათ შორის პარაშუტისტთა დანაყოფი, გოლანის ქვეითთა დანაყოფი და მე-7 სატანკო დანაყოფი. ჯერჯერობით ღაზის სექტორში შეჭრა არ გადაწყვეტილა. 

11 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა თქვეს, რომ ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავდნენ.

პარალელურად გრძელდება სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმები ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. ასევე გრძელდება ისრაელის საპასუხო დარტყმებიც. 

ღაზის სექტორის მმართველობის წარმომადგენელთა თქმით, სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა, 338 კაცი დაშავებულია. 

ისრაელმა ჰამასის თავდასხმების გამო ბენ გურიონის აეროპორტში შემომავალი ფრენები გადადო


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები