რუსეთი

Levada: რუსეთში მოსახლეობის 39% ნავალნის მხარდამჭერ აქციებს ნეგატიურად უყურებს

ალექსეი ნავალნი
The Hill

ცენტრი Levada-ს საზოგადოებრივი გამოკითხვით, რუსების 16% გასული თვის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებს რუსეთში პოზიტიურად უყურებს

გამოკითხულთა 39% პროტესტს ნეგატიურად უყურებს, ხოლო 42%-ს ნეიტრალური განწყობა აქვს. 

ახალგაზრდებიდან ახალი ამბების მკითხველები პროტესტს უფრო პოზიტიურად უყურებენ, ხოლო ასაკოვანი პირები და ისინი, ვინც ტელევიზორს უყურებს - ნეგატიურად. 

მათგან, ვინც ტელევიზორს უყურებს ან რადიოს უსმენს, მხოლოდ 7% და 6% ადევნებს თვალს ამ მოვლენებს, ხოლო ისინი, ვინც ინტერნეტს, სოციალურ მედიას და ტელეგრამს იყენებს - შესაბამისად, 17%, 18% და 37%. 

Levada-მ გამოკითხვა ქვეყნის 50 რეგიონში 22 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით ჩაატარა და მასში 1 614 ადამიანი მონაწილეობდა.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები