გალ გადო

გალ გადო: ისრაელი იმსახურებს უსაფრთხოებას, იმავეს იმსახურებენ ჩვენი მეზობლები

Nicki Swift

მსახიობი გალ გადო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"გული მიკვდება. ჩემი ქვეყანა ომშია ჩართული. ისრაელი იმსახურებს, რომ იარსებოს, როგორც დამოუკიდებელმა და უსაფრთხო ქვეყანამ. იმავეს იმსახურებენ ჩვენი მეზობლებიც. ვლოცულობ მსხვერპლთათვის და მათი ოჯახებისთვის. ვლოცულობ, რომ ეს წარმოუდგენელი მტრობა დასრულდეს, ვლოცულობ ჩვენი ლიდერებისთვის, რათა მათ იპოვონ გადაწყვეტილება და ჩვენ შევძლოთ გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა". – წერს მსახიობი.

ისრაელელი მსახიობის განცხადებას ქალი საოცრების თაყვანისმცემელთა ნაწილი ნეგატიურად შეხვდა. გადოს გაუხსენეს, რომ ის ისრაელის სამხედრო ძალებში მსახურობდა. რადიკალურად განწყობილი ნაწილი მსახიობის ქალი საოცრების როლიდან მოხსნას მოითხოვს. 

პოსტის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში მსახიობმა დახურა კომენტარები და დატოვა მხოლოდ მიმართვა. 

გალ გადო ისრაელელი მსახიობი და მოდელია. 18 წლის ასაკში მიიღო მის ისრაელის ტიტული, მოგვიანებით მსახურობდა ჯარში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ გადომ ფოტომოდელის კარიერა დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა DC-ის კინოსამყაროში შესრულებულმა ქალი საოცრების როლმა მოუტანა.

კომენტარები