დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

"ლოდში ბროლის ღამეა" - ლოდის მერმა პრემიერს ქალაქში თავდაცვის ძალების გაგზავნა სთხოვა

ქალაქ ლოდში მანქანები იწვის
Times of Israel

ისრაელში ლოდის მერმა, იაირ რევივომ, პრემიერმინისტრს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის და გამოცხადება და თავდაცვის ძალების გაგზავნა სთხოვა.

"ლოდში ბროლის ღამეა". – თქვა რევივომ. მერმა 1938 წელს ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებზე პოგრომი გაიხსენა. 

"მოვუწოდე პრემიერმინისტრს, ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა, ისრაელის თავდაცვის ძალები გამოეგზავნა, კომენდანტის საათი შემოეღო, სიწყნარე აღედგინა". – თქვა ქალაქის მერმა.

ლოდში, ქალაქში შერეული მოსახლეობაა, ქალაქის მცხოვრებთა 30% არაბია. რევივოს თანახმად, ის შრომა, რომელიც წლების მანძილზე თანაცხოვრებისთვის მიმდინარეობდა, წყალში ჩაიყარა.  

რევივო ქალაქში არსებულ არეულობაზე საუბრობს. მერის თანახმად, ქალაქში დამწვარია სინაგოგები და მანქანები, "ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო".

მერის მოთხოვნის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა, სასაზღვრო პოლიცია, რომელიც ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალებს ეხმარება, ლოდსა და სხვა შერეული მოსახლეობის ქალაქებში გაგზავნა. ქალაქში არსებული მდგომარეობის გამო ბენიამინ ნეთანიაჰუ საგანგებო შეხვედრას მართავს.

საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქალაქში არსებული არეულობის გამო აფრთხილებდა.

"ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ, არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის". – აცხადებს საქართველოს საელჩო.

ლოდში ქალაქის არაბი მოსახლეობის ნაწილი პალესტინის გათავისუფლებას ითხოვდა. ისრაელის მედიის თანახმად, პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო და დემონსტრანტები თავს დაესხნენ სინაგოგას, სამხედრო აკადემიას და ქალაქის მერიას.

11 მაისს ტერორისტულმა დაჯგუფებამ ჰამასმა ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა. თელ-ავივის სამხრეთით, ქალაქ ჰოლონში თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 - დაშავდა, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის მთავარი აეროპორტი ბენ-გურიონი რომელიც თელ-ავივიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული დროებით დაიხურა.

სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა სხვადასხვა ქალაქი ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის რიშონ ლე-ციონი, რამათ განი, სდოტი და ტაიბე. განგაშის სიგნალი ისმის შეფელას რეგიონის ქალაქებში, მათ შორის რამლასა და ლოდში.

ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, ისრაელმა ღაზის სექტორში 500-ს სამიზნეს დაარტყა.

Times of Israel-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასს მდგომარეობის დეესკალაცია სურდა, თუმცა თქვა, რომ თუ ისრაელი შეტევას არ შეწყვეტდა, პასუხის გასცემდა მოწინააღმდეგეს. დიპლომატის თანახმად, ისრაელს ესკალაციის დასრულებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე პასუხი არ გაუცია. მანამდე გამოცემა წერდა, რომ ისრაელი ჯერ მზად არ არის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის, თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ხვალ დაიწყოს.

ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო შეტევის დაწყებამდე ჰამასი ისრაელს დაემუქრა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორზე შეტევას არ შეწყვეტდა, ჰამასის შემდეგი სამიზნე თელ-ავივი გახდებოდა.


ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის მდგომარეობის გამწვავების შემდეგ ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ნასროლი რაკეტა ქალაქ აშქელონში სახლს მოხვდა. შედეგად, ორი ქალი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ისრაელის საპასუხო ცეცხლს ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 24 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მოკლეს დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის სარაკეტო დანაყოფის მეთაური.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები