დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასი ისრაელს აფრთხილებს და თელ-ავივს სარაკეტო თავდასხმით ემუქრება

რკინის გუმბათის სისტემის ანტისარაკეტო შეტევა
AP

ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო შეტევის შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ისრაელს ემუქრება, რომ თუ ის შეტევას არ შეწყვეტს, ჰამასის შემდეგი სამიზნე თელ-ავივი იქნება.

ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიას ბომბავს. საპასუხო შეტევის ფარგლებში ისრაელმა იერიში ღაზის სექტორში ჰამასის ძალებზე მიიტანა. ისრაელის ძალების თანახმად, ტერორისტები მიზანმიმართულად არიან განლაგებული მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, რათა თავდასხმები აირიდონ.

"თუ მტერი გააგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, მაშინ თელ-ავივის ექნება შეხვედრა სარაკეტო თავდასხმასთან, რაც გადააჭარბებს იმას, რაც აშკელონში მოხდა" . – თქვა ჰამასის წარმომადგენელმა.

ისრაელის არმიის თანახმად, ღაზის სექტორმა ისრაელის მიმართულებით 630 რაკეტა გაუშვა, 150 წარუმატებელი იყო, ხოლო 480-იდან 200 ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რკინის გუმბათმა გაანეიტრალა. რკინის გუმბათი სამიზნეში არ იღებს რაკეტებს, რომლებიც დაუსახლებელ ტერიტორიას ხვდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ანონიმური წარმომადგენლის თანახმად, ისრაელი ჯერ მზად არ არის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის, თუმცა იმის გათვალისწინებით, როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ხვალ დაიწყოს.

გაერომ ისრაელს "მაქსიმალური თავშეკავებისკენ და ძალის კალიბრილებული გამოყენებისკენ" მოუწოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშიმა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა.

მხარეებს მდგომარეობის ესკალაციისკენ მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა ჰამასს სარაკეტო შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"საჭიროა ყველა მხარის მხრიდან დეესკალაცია, დაძაბულობის შემცირება და მდგომარეობის დაწყნარებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა". – თქვა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენმა დაგმო ჰამასი სარაკეტო შეტევა და მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, პასუხი გაეცა შეტევაზე.

ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის მდგომარება გამწვავების შემდეგ ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ნასროლი რაკეტა ქალაქ აშქელონში სახლს მოხვდა. შედეგად, ორი ქალი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ისრაელის საპასუხო ცეცხლს ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 24 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მოკლეს დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის სარაკეტო დანაყოფის მეთაური.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები