დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ქალაქ ლოდში მცხოვრებები არ გახვიდეთ სახლებიდან – საქართველოს საელჩო ისრაელში

ლოდი, ისრაელი. 11 მაისი, 2021
AP Photo/Heidi Levine

საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქალაქში არსებული არეულობის გამო აფრთხილებს.

"ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ, არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებისგან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის". – აცხადებს საქართველოს საელჩო.

ლოდში პროტესტის დროს ერთი არაბი დაიღუპა და ორი დაიჭრა. არაბი დემონსტრანტის მოკვლაში ეჭვმიტანილი ადამიანი დაკავებულია. დემონსტრანტები პალესტინის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისრაელის მედიის თანახმად, პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო და დემონსტრანტები თავს დაესხნენ სინაგოგას, სამხედრო აკადემიას და ქალაქის მერიას.

მანამდე, საქართველოს საელჩომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებდა.

ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის მდგომარება გამწვავდა. ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ნასროლი რაკეტა ქალაქ აშქელონში სახლს მოხვდა. შედეგად, ორი ქალი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ისრაელის საპასუხო ცეცხლს ბოლო 24 საათში ღაზის სექტორში 24 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვი. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ მოკლეს დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის სარაკეტო დანაყოფის მეთაური.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები