პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მერობის კანდიდატზე შეთანხმება არასაკმარისია, კოორდინაცია მთელ სპექტრს უნდა შეეხოს

დიმა ჩიკვაიძე

"შეთანხმება ერთ კანდიდატზე საკმარისი არ არის, შეთანხმება და კოორდინაცია უნდა ეხებოდეს მთლიანად სპექტრს საკითხების და იმ გეგმას, როგორი კოორდინაციით გადიხარ მთელ ქვეყანაში". – ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეცდომები უნდა გაითვალისწინოს, რომ საზოგადოებაში ყალბი მოლოდინების შექმნა და ცალკეულ ადგილებში იზოლირებული შეთანხმებები ივანიშვილის არალეგიტიმური მეთოდების პირობებში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

"არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამ ფონზე, სადაც ქვეყანა არის, რომ ამ თვალსაზრისით პრინციპულად რამე შეიცვლება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ოღონდ უსასრულოდ ეს ვერ გაგრძელდება, ბოლო წამამდე მიტანა და შემდეგ რაღაცაზე ვერ შეთანხმება, როგორც ეს 2020 წელს მოხდა, ცუდ შედეგს მოიტანს". – თქვა ბოკერიამ

ბოკერიას თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გლდანი კარგი მაგალითია ოპოზიციის შეთანხმების, თუმცა ამ კარგ მაგალითს მოჰყვა ცუდი მაგალითები სხვაგან ვერ შეთანხმების. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან მოქმედება არის საჭირო არამარტო თბილისში, არამედ თბილისის გარეთაც.

"ნიკა მელია აშკარაა, რომ განხილვის მთავარი საგანი იქნება როგორც ფიგურა ამ წინა საარჩევნო პერიოდისას, მაგრამ მხოლოდ ამაზე კონცენტრირება, როგორც გვესმის ზოგიერთი ჩვენი კოლეგისგან, რომ ეს გინდათ თუ არ გინდათ, არასწორად არის დასმული. არჩევნები არის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი არის ყველგან იმ ფორმაში, რა ფორმაშიც არის. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ეროვნული საფრთხე მოვიშოროთ მშვიდობიანად, ვადამდელი არჩევნების და თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებით, ამის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ არა მარტო თბილისში, არამედ თბილისის გარეთ. ჩვენი მოქალაქეები ყველგან ჩვენი მოქალაქეები არიან და ყველგან იმსახურებენ ბრძოლას მათი მომავლისთვის". – ამბობს ბოკერია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 10 მაისს მიიღო.  აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა თავისი ერთერთი ფონდის, EED-ის დახმარებით წინასწარ გამოყო ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით.

ნიკა მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. დოკუმენტის ტექსტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეიმუშავა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა. 

კომენტარები