Pfizer-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ Israel's Channel 12-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი შეარჩია. ბურლამ ამის ერთერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას 30-ჯერ დაურეკა, მათ შორის, ერთხელ ღამის 3 საათზეც. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც ბურლამ განმარტა, ძირითადად, ორი მიზეზი იყო – ერთი, ისრაელი შედარებით მცირე სახელმწიფოა და, მეორე, მოქალაქეების 99%-ზე ჯანმრთელობის ელექტრონულ მონაცემებს ფლობენ. თუმცა, ბურლას თქმით, მთავარი, რამაც საბოლოოდ გადახარა ისრები ისრაელის სასარგებლოდ, პრემიერმინისტრის შეუპოვრობა გახლდათ, რასაც ბურლა "აკვიატებად" მოიხსენიებს.
"30-ჯერ დამირეკა. ის მეკითხებოდა სხვადასხვა ვარიანტზე, რა მონაცემები გაგვაჩნდა. და მე ვეუბნებოდი, "პრემიერმინისტრო, ღამის 3 საათია". და ის მპასუხობდა, "არა, არა, ნუ ღელავ, მითხარი". ან დამირეკავდა იმისთვის, რომ ეკითხა ბავშვების [ვაქცინაციის] შესახებ, "სკოლების აცრა მჭირდება". ან იმისთვის, რომ ეკითხა ორსულ ქალებზე. შესაბამისად, მან დამარწმუნა, გულწრფელად, რომ ყველაფერს გააკეთებდა". – თქვა ბურლამ.
ისრაელს მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 6 მაისის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 62.59% აცრილია ერთი დოზით მაინც. ქვეყანაში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქებაც. 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრა 2020 წლის დეკემბერში დაიწყეს. ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინით იცრებიან.
თებერვალში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, COVID-19-ით დაავადების რისკი 95.8%-ით შემცირდა იმ ადამიანებში, რომლებმაც Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს.
ისრაელში ამჟამად ემზადებიან, რომ აცრან 12-15 წლის ბავშვებიც. მათ აცრას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც აშშ-ს საკვებისა და წამლების მარეგულირებელი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის Pfizer-ის ვაქცინას დაამტკიცებს.
ისრაელში ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, Pfizer-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის წინააღმდეგ აცრა 96.7%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. გარდა ამისა, კვლევით დგინდება, რომ Pfizer-ის ვაქცინას 97.5%-იანი ეფექტიანობა აქვს Covid-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებების წინააღმდეგ.