სანქციების გამკაცრება

ბოკერია ვეტოს არდადებაზე: დემოკრატიული პროცედურის სპექტაკლიც კი არ ითამაშეს

გიგა ბოკერია
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს არდადება "საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობაა". 

როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომ ვეტოს ვერ დაადებს, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არარელევანტურია, ვინაიდან ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

"რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოცარი, საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უტიფრობისა, მთლიანად ივანიშვილის რეჟიმის, მისი, მისი გარემოცვისა და, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილის მხრიდან. 

რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვისა და მერე ეს ვითომ არგუმენტი, სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუნდაც იმ მოტივით, რომ კონსულტაცია და განხილვები არ ყოფილა და ამის გამო, რაღაც მუხლები საკამათოა, ნებისმიერ წამს შეიძლება, ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს. სპექტაკლიც კი არ ითამაშეს ვითომ დემოკრატიული პროცედურის". – ამბობს გიგა ბოკერია მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 7 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის არ აპირებს ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო და რომლის მიხედვითაც, მკაცრდება სანქციები პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების შემთხვევებში. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეთანხმება ოპოზიციას, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება არ შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას, თუმცა, მისივე მტკიცებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს. 


29 აპრილს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მისი მოსმენა 28 აპრილს დაიწყო, 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე კი მეორე და მესამე მოსმენა ერთი საათის შუალედით გაიმართა და 72 დეპუტატის თანხმობით ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით კი, კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებულად, რაციონალური დასაბუთების გარეშე განიხილა, ხოლო ნორმები ხშირად ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული. 

სანქციების გამკაცრებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩოც. 

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები