წვრილმანი ხულიგნობა

ISFED სანქციების გამკაცრებაზე: ეს ნორმები, ხშირად, რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამკაცრებულ ნორმებს გამოეხმაურა.

ორგანიზაციის მიხედვით, კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებულად, რაციონალური დასაბუთების გარეშე განიხილა, ხოლო ნორმები ხშირად ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული.


"აღსანიშნავია, რომ ეს ნორმები ხშირად რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინკლუზიურობას გამორიცხავდა". – წერია განცხადებაში

ორგანიზაციის თქმით, საჭიროა, მესამე სექტორის ჩართულობით მოცემული განხრით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდეს, რაც ადამიანების უფლებების სრულყოფილად დაცვის გარანტია იქნება.
.
"საჭიროა, გამჭირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, გახორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამედროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს". – წერია განცხადებაში

დღეს, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

კომენტარები