სანქციების გამკაცრება

პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო არ დაადო

სალომე ზურაბიშვილი
იმედი

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო არ დაადო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეთანხმება ოპოზიციას, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება არ შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას, თუმცა, მისივე მტკიცებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს.

"მოვისმინე ყველა მხარის არგუმენტი, ვეთანხმები ოპოზიციას, რომ ასეთი კანონის გამოტანა  პირველივე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა შეთანხმების სულისკვეთებას.

ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტში ოპოზიცია შევიდა, მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში, ეს პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის, საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები საზოგადოებას გაეგო და მიეღო. ასეთ საკითხებში კომუნიკაციების ნაკლებობა ყველასთვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას.

ამდენად, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისათვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას.

როცა საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას - ამნისტიის, საარჩევნო კოდექსის და სასამართლო რეფორმის - ამ ფონზე არსებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული.

ამდენად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს გამოყენებას, თუმცა, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც, ამ კუთხით, ახალი ცვლილებები, წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფად.

ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები არასაკმარისია, თუმცა, სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყოს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გადაწყვეტილებამდე, მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა მმართველი პარტიის ლიდერებს.

29 აპრილს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მისი მოსმენა 28 აპრილს დაიწყო, 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე კი მეორე და მესამე მოსმენა ერთი საათის შუალედით გაიმართა და 72 დეპუტატის თანხმობით ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით კი, კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებულად, რაციონალური დასაბუთების გარეშე განიხილა, ხოლო ნორმები ხშირად ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული. 

სანქციების გამკაცრებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩოც. 

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები