კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ დღეს დადასტურებული 2 171 ახალი შემთხვევა აღდგომამდე "ქეიფებმა" მოიტანა, ხოლო "აღდგომის ქეიფების" შედეგი, დაახლოებით, 10 დღეში დადგება. ამის შესახებ პაატა იმნაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს.

იმნაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდება.

5 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,05%-ია, ბოლო 14 დღის - 5,33%, ბოლო 7 დღის - 6,27%. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების  2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები