დავითგარეჯის საქმე

ევროპელები გარეჯში თავდასხმაზე: ივანიშვილის რეჟიმის დაუსჯელი დანაშაულებების გაგრძელებაა

პარტია ევროპული საქართველო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანთან დემარკაცია-დელიმიტაციის საბჭოს ყოფილ ექსპერტზე, ივერი მელაშვილზე და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

პარტიის განცხადებით, ეს ამბავი დასტურია იმის, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ქვეყანას. 

"გუშინ, გარეჯის მონასტერთან ივერი მელაშვილსა და ტვ მთავარის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ეს ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელება და მათი ნაწილია. ეს ამბავი, ისევე როგორც პარლამენტის მიერ აქტივისტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონმდებლობა, ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ სულისკვეთების და მეთოდების შეცვლას, რითაც აქამდე მართავდა ამ ქვეყანას. ამავე კონტექსტის განუყოფელი ნაწილია ქართული ოცნების მორჩილი პოლიციისა და სასამართლოს მიერ ფირუზ წულუკიძის, რეზო წულუკიძისა და ირაკლი ჭელიძის დაკავება. ამ ადამიანებმა რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამას კი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის მოწყობა და მათი დაკავება მოჰყვა. ეს და მსგავსი საქმეები აშიშვლებს ხელისუფლების სურვილს კვლავ ძალადობის, პოლიტიკური დევნის, სიცრუის და სიძულვილის პროპაგანდის დახმარებით მართოს ქვეყანა". – წერია პარტიის განცხადებაში.


4 მაისს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტმა, გვანცა წულუკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითგარეჯის ტერიტორიაზე ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის ცნობით, ივერი მელაშვილზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა, მთავარი არხის ჟურნალისტის ცნობით, ნაცემია ოპერატორი და დამტვრეულია კამერა. 

"მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანები, გინდ სოფლის მოსახლეობა, ესენი არიან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ არა, ესენი უბრალო ადამიანები არიან და ჩაუდო ვიღაცამ თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მელაშვილმა რაღაც გადასცა და გაყიდა, სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა".- ამბობს მელაშვილი და აღნიშნავს, რომ ისინი შეცდომაში ხელისუფლებამ შეიყვანა. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები