დავითგარეჯის საქმე

წულუკიძე: მელაშვილსა და მთავარის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები თავს დაესხნენ

ივერი მელაშვილი
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი, გვანცა წულუკიძე წერს, რომ დავითგარეჯაში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები თავს დაესხნენ. 

"ივერი მელაშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს, დავით გარეჯში თავს დაესხნენ რწმენაში გაძლიერებული სასულიერო პირები. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპერატორის მიმართ და დაუმტვრიეს კამერა!" - წერს წულუკიძე. 

ინფორმაცია ტაბულასთან საუბარში დაადასტურა მელაშვილის ადვოკატმაც, გიორგი მშვენიერაძემ. მისი ინფორმაციით, ივერი მელაშვილზე ფიზიკურად არ უძალადიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს. მელაშვილი და ილიჩოვა კი 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაო 2 საათში სრულად შეგროვდა.

კომენტარები