ტერორიზმი

თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ისლამური სახელმწიფოს წევრი ბასიმი დაკავებამდე რამდენიმე წლით ადრე და დაკავების შემდეგ
თურქული მედია NTV

თურქეთის პოლიციის ცნობით, მათ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. დაკავებული პირი ავღანელია და კოდური სახელი ბასიმით არის ცნობილი. 

მას მიიჩნევენ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მარჯვენა ხელად. 

ბასიმი სტამბულის გარეუბანში დააკავეს. პოლიციის მიხედვით, ის ყალბი პასპორტით მოგზაურობდა.

ბასიმი მას შემდეგ იყო გამქრალი, რაც 2017 წელს სირიასა და ერაყში ორგანიზაციამ დანაკარგები მიიღო. 

თურქული მედიის მიხედვით, ბასიმს ბრალად ედებოდა ISIS-ის წევრთა წვრთნა სირიასა და ერაყში, ასევე ის მონაწილეობდა ორგანიზაციის გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე, თურქული მედიისა და პოლიციის ცნობით, ის ალ-ბაღდადის იდლიბის პროვინციაში დამალვაში ეხმარებოდა, მას შემდეგ, რაც 2019 წელს ორგანიზაციამ სირიასა და ერაყში მარცხი განიცადა.

ISIS-ის ყოფილმა ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ 2019 წელს თავი აიფეთქა, როდესაც მისი სამალავი ამერიკელებმა გამოააშკარავეს და სპეცოპერაციას ატარებდნენ. 

 

კომენტარები