წვრილმანი ხულიგნობა

აშშ-ს საელჩო სანქციების გამკაცრებაზე: ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება უსარგებლოა

აშშ-ს საელჩო საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამკაცრებას ეხმაურება. 

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა". 

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს, ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად". - წერია საელჩოს განცხადებაში. 

დღეს, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

კომენტარები